Wednesday 13 May 2009

სომხეთ-საქართველოს ომი 1918 წელს

1918 წლის 7 დეკემბერს საქართველოს მთავრობისათვის შეუტყობინებლად და ყოველგვარი წინასწარი მოლაპარაკების გარეშე სომხეთის შეიარაღებულმა რაზმებმა მთავრობის მითითებით დაიკავეს სანაიანის და ალავერდის ტერიტორია.
ომი გამოიწვია საქართველოსა და სომხეთს შორის სასაზღვრო დავამ.


"მოქალაქენო, მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. იმ დროს, როცა მსოფლიო ომის ხანძარი ჩაქრა, როცა მთავარი სახელმწიფოები ხმალს ქარქაშში აგებენ და იწყებენ მშვიდობიან ცხოვრებას, სომხეთის მთავრობა ფარულად ესხმის თავს საქართველოს რესუბლიკას".
ნ.ჟორდანია

8 დეკემბერს სროლა აუტეხეს საქართველოს ჯავშნოსან მატარებელს და მოშალეს რკინიგზის ხაზი.ამ აქციის შემდეგ სომხეთის მთავრობამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ულტიმატუმი ახალქალაქის და ბორჩალოს მაზრების დაცლის შესახებ. მშვიდობიანი მოლაპარაკების მცდელობამ საქართველოს მთავრობის მხრივ, ნაყოფი ვერ გამოიღო.

"რუსეთისა და სომხეთის ზოგიერთი პასუხისმგებელი პოლიტიკური მოღვაწე დარწმუნებული ყოფილა, რომ გერმანიის დამარცხება საქართველოს დამარცხებას ნიშნავს და ინგლისელების შემოსვლასნ ან დიდი რუსეთის, ანდა დიდი სომხეთის აღდგენა უნდა მოჰყვეს. ამ დიდი იმედით აიხსნება არარატის(სომხეთის) რესპუბლიკა, რომ უარს აცხადებს სამშვიდობო მოლაპარაკებაზე."

ს.კედია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავჯდომარე.

სომხეთის მთავრობის უკანონო მოქმედებათა შესახებ 17 დეკემბერს მოხსენდა საქართველოს პარლამენტს, რომელმაც მიიღო დადგენილება: პარლამენტი აღიარებს, რომ საქართველოს მთავრობას არავითარი საბაბი მტრული განწყობილებისა არ მიუცია სომხეთის მთავრობისათვის, რომ მან მიიღო ყოველივე ზომა ორ მოძმე სახელმწიფოთა შორის საქმის მშვიდობიანად გადასაწყვეტად. რომ სომხეთის მთავრობის ჯარი ვერაგულად შემოიჭრა საქართველოს საზღვრებში და თავს დაესხა საქართველოს სადარაჯოებს, პარლამენტი იწონებს მთავრობის ყველა მოქმედებას და მისგან მიღებულ სამხედრო ზომებს..

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გვარდიის ნაწილებს მიეცათ წინადადება გაეთავისუფლებინათ სომხეთის ჯარების მიერ თვითნებურად დაკავებული ტერიტორია. 19 დეკემბერს სახალხო გვარდიას და არმიას შეტაკება მოუხდა მოწინააღმდეგესთან, სომხეთის ჯარი დამარცხდა და იძულებული გახდა უკან დაეხია. სომხეთის ჯარს ასეთივე წარუმატებლობა ხვდა ჯავახეთშიც. ქართული ჯარი შეტევაზე გადავიდა და დაიბრუნა შულავერი, სადახლო. სომხეთს დაუდგა კრიტიკული ვითარება. მის ტერიტორიაზე შესაჭრელი გზა გახსნილი აღმოჩნდა.
სწორედ ამ დროს კონფლიქტში ჩაერია ინგლისის მხედრობის ამიერკავკასიის სარდლობა. მან პირველ რიგში მოითხოვა ის, რომ საქართველოს ჯარს დაეცალა ბორჩალოს და ახალციხის მაზრები, რომელთაც ორი სახელმწიფოს საზავო კონფერენციამდე თვით დაიკავებდა. საქართველოს მთავრობის დაჟინებითი მოთხოვნით ახალქალაქის მაზრაში შენარჩუნებულ იქნა ქართული ადმინისტრაცია, ხოლო ბორჩალოში დაწესდა ნეიტრალური ზონა, რომლის მართვა შერეული ადმინისტრაციით განხორციელდებოდა.

1919 წლის თებერვლის დასასრულს შეიკრიბა საქართველო-სომხეთის წარმომადგენელთა კონფერენცია, რომელმაც ნეიტრალური ზონის შერეული მმართველობა დაადასტურა.         

   გამოყენებული ლიტერატურა:

  1. აკაკი სურგულაძე "საქართველოს ისტორია"
  2.დავით მალაზონია და ნინო კვიტაიშვილი "საქართველოს ისტორია"